პიესა "ტყის შვილები"
- თინო! თინო! (იძახდა საბა ჩხიკვი)
- რა გინდა, რა! (ამოსძახა)
- გაიხედე ერთი, გაიხედე!
- რა არის, სად უნდა გავიხედო, კაცო?
- გზაზე გაიხედე-მეთქი, გზაზე.
- იი, მოიგონებ ხოლმე რაღა თითო რამესა...
თინო ჩხიკვი აფრინდა და თავისი მეუღლის გვერდით ჩამოჯდა.
- აბა, რა არის, რასა ხედავ ისეთსა?.
- ხი-ხი-ხი... (იცინის)
გზაზე თოფმომარჯვებული ბიჭი მოდიოდა.
- ეგ ვიღას დანარჩენია, ქა! (თინო)
- ვერა სცნობ? იჩოა.
- ვისი იჩო?
- გაბიდაურებისა.
- უყურებ მაგ ცინგლიანს, მაგასაც რომ თოფი აუღია! აი, მეხი კი დავაყარე მაგის წარუკა დედასა, აჰა! იმ კარგი მამის თოფი მაგას როგორ ჩაუგდო ხელში?
- ე, იძახი, რაღა! ერთი ჩვენი ბარტყები გვიჯერებენ ხოლმე და მეორეც ეგ დაუჯერებდა თავის დედასა! მერე, რა ქვის ნატეხია, რომ იცოდე!
- დახე, როგორ მოდის! დახე, მაგ ცინგლიანსა, - ისევ გაწიწმატდა თინო და საბას მიუბრუნდა: - რას იღრიჭები, კაცო, სასაცილო რა არის! ამ აღმართის თავში, კუნელზე, შაშვები სხედან, შევატყობინოთ, ემანდ რამე არ ავნოს მაგ უხეირომ.
- თვალი არავის გამოსთხაროს! (დაცივით)
- ადე, მეზობლები არიან, სირცხვილია
- მეზობლებო, არ გესმით, მეზობლებო?! ( ჩასძახა თინო ჩხიკვმა შაშვებს)
- რა გნებავთ, ნათლიდედ, რა! (ქვრივი შაშვი თებრო)
- ცოტა ფრთხილად იყავით, ქვემოდან მონადირე მოდის...
- ვინ მონადირე, ქა, ამ შუადღისით, ვინა?
- ვინა და, გაბიდაურების პატარა ბიჭი, იჩო.
კუნლის ბუჩქიდან სამი შაშვი ამოფრინდა და იმათაც გზისკენ დაიწყეს ყელყელი და მზერა:
- აი, იჩო მაგასა და ნაცილის გამოვარდნა, აჰა! ეგ ისეთი მავნე რამ ყმაწვილია, ჯერ შურდულით არ გვაძლევდა მოსვენებას და თოფით ხომ მთლად ამოგვჟუჟავს დედაბუდიანად! შვილო, მალხაზო, გადაფრინდი აი მანდ, მლაშე წყალთან, ობოლი ბაჭია სძოვს და უთხარი, გაერიდოს, სიფრთხილეს თავი არა სტკივა-თქო.
- მაგ ბიჭს ჩვენზე მეტად ეშინია თავისი თოფისა! ( ჩაიდუდღუნა.)
- რას ბრძანებთ, ნათლიმამ, არ იცით, რეები არიან ახლანდელი ყმაწვილები? - ზრდილობიანად შეუბრუნა სიტყვა თებრო შაშვმა და მერე შვილს შეუტია: - რასა ზიხარ, ბიჭო, შეატყობინე იმ საწყალ ბაჭიას, სანამ გვიან არ არის.
მოდიოდა იჩო
- აი, რა ვუთხრა მაგის დედას! ნეტავ რა ქილა-ქოცოებს დაავსებს ჩვენი ქონ-ხორცითა! ერთი ჭკუის მასწავლებელი უნდა იყოს ვინმე, რომა...(ბრაზით)
- ვიღა დარჩა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ამ ჩვენს ტყეებში ეგეთი! თევდორე დათვი იყო ხოლმე ჩვენი ქომაგი და ისიც შარშან გამოასალმა წუთისოფელს მზესშესაწყვეტმა ბრუციანმა ესტატემ.
- იმის ბიჭისათვის რომ გვეთხოვნა, აშლაპუნესთვის? - ფრთხილად ჩაურთო სიტყვა მალხაზა შაშვმა, რომელიც უკვე დაბრუნებულიყო და მორიდებით შესცქეროდა უფროსებს.
- ის რის შემძლეა, შვილო, აუღია თავი და დღე და ღამე მუცლის ამოსაყორავად დადის. შემძლეც რომ იყოს, იმის გზას ვინ მიაგნებს.
- დილას მე ვნახე. ამ სერს გადავალთ თუ არა, დაბლა, პანტებს ბერტყავდა. ეგ ბიჭიც სწორედ იქით მიდის.
უფროსებმა ერთმანეთს გადახედეს.
- თქვენ რას გვირჩევდით, ნათლიმამ?
- დაანებეთ თავი იმ დოღრიალა აშლაპუნესაც და მაგ ყმაწვილსაც. პატარა ბიჭია, გაუშვით, გაიხაროს. ჩვენ მოვერიდოთ და ეგა ივლის, ივლის, დაიღლება, ერთი ორჯერ გააბახუნებს თოფს ჰაერში და წავა შინ.
- რას ამბობ, კაცო, რას! ეგ ისე დაბრუნდება შინ, რომ რამე არ მოინარიკლოს? წავიდეთ და, თუკი აქ ახლოა, ვთხოვოთ იმ სახელოვან მამის შვილსა. მართლა ისე ხომ არ იქნება, რომ არაფერი შეეძლოს. ტანადობით მამაზე დიდია თითქმის.
აფრინდნენ ჩხიკვები და შაშვები, წავიდნენ და იძახდნენ.
- მონადირე! მონადირე მოდის, მოერიდეთ!
- თქვენ სადღა მიფრინავთო, (კოდალები, ქედნები..)
- თევდორე დათვის შვილთან, იქნებ ეგ ბიჭი დააშინოს, თორემ მაგან თუ ხელი გაიჩვია, მერე აღარავის დაგვედგომება აქ.
- დაიცათ, ჩვენც მოვდივართო, - (გაჰყვნენ)
აშლაპუნე დათვი ლექსს ამბობდა.
შემოეხვივნენ ფრინველები და დაუწყეს ხვეწნა-მუდარა. დათვმა ყურებში თითები დაიცო და თვალები დახუჭა:
- ერთმა თქვას, რა გინდათ, ყველა რომ ერთად ყაყანებთ, რა გავიგო.
მაშინ თინო ჩხიკვი წადგა წინ და გულზე ფრთა შემოიფათქუნა.
- გვიშველე, იმ შენი კარგი მამის სახელის დღეგრძელობამ. გვიქენი სიკეთე და, აი, თოფიანი ბიჭი რომ მოდის გზაზე, ის შეგვიშინე. შეგვიშინე, თორემ გაგვჟუჟავს, მთლად ამოგვჟლეტსო.
- დამშვიდდით, დაწყნარდით! (ჩაიდუდუნა და წამოდგა) აბა, მაჩვენეთ, სად არის ის ბიჭიო.
- აგერ, გზიდან გადმოუხვია და ახლა ბილიკს მოჰყვება.
დათვი მუხაზე აბობღდა, წინა თათით მოიჩრდილა და ბილიკს გახედა.
- ხოო... ეგ არის?! თქვენ ცოტა იქით გადადით, მე ვასწავლი მაგას ჭკუასა.
დათვი მუხიდან ჩამოვიდა და აღმართს შეუყვა. მიდის აღმართ-აღმართ, მიიბღოტება. ზოგ ფრინველს ჰგონია, ეგ არის, მოგვატყუა და მიიპარებაო... მაგრამ დათვი შედგა, კლდის თავზე ჩამოჯდა, თვალები მოიჩრდილა.
დაბლა, ბილიკზე კი, მედიდურად მოდის იჩო ბიჭი, სადაცაა, დათვს გაუპირდაპირდება.
დათვი მოიკუნტა, დაგორდა, თითქოს კლდე მოიმძვლაო, წამოვიდა გრიალით, ლაწა-ლუწით, ზედ იჩოს ფეხებთან გაიშალა ვეება ბოღჩასავით, წამოტოტდა და...
- ბაა! (დაიღრიალა შემზარავად.)
იჩოს თოფი ხელიდან გაეშვა, ვაიმე დედაო, და მოუსვა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
- დამიდექ, დამიდექ, თუ ბიჭი ხარ! - (ფეხებს ატყაპუნებს)
- ხა-ხა-ხა! (ახარხარდა ტყე) ხა-ხა-ხა...
ფრინველები დათვს აქებდნენ.
- უკვირთ მაგათაც რაღა! დიდი ვაჟკაცობაა თითისოდენა ბალღის შეშინება! აბა, მაგისი მამა რომ მოკლა ბრუციანმა ესტატემ, ის შეაშინოს! აბა, ლევანა მონადირე შეაშინოს. დიდი ამბავია, თითისოდენა ბალღი თუ შეაშინა!.. თინო, თინო!.. დაბრუნდები თუ არა, თინო! თინო! (ეძახის)